
თეოლოგიის დოქტორანტმა, მათე სარალიშვილმა, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების რიგით მეექვსე შეხვედრის ფარგლებში, ქალაქ აიხშტეტში, წაიკითხა მოხსენება თემაზე: "პოლიტიკურ ღვთისმეტყველებათა სამებისეული გამართლების მცდელობები და მათი გამოწვევები" (Trinitarische Rechtfertigungen politischer Theologien und ihre Herausforderungen)
მოხსენება ეხებოდა სამების ღვთისმეტყველებასთან პოლიტიკური სტრუქტურების მიერ უშუალო კავშირის დამყარების მცდელობებს. დასმული საკითხი განხილული იყო როგორც საღვთისმეტყველო, აგრეთვე ისტორიულ-კრიტიკული თვალსაზრისით.
ერთი მხრივ, განხილული იყო ნიკეის კრების დროს არიოზისა და ათანასე ალექსანდრიელის, ევსები კესარიელისა და კონსტანტინე დიდის, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტანტინოპოლის კრების გარშემო კაბადოკიელი მამებისა და ევნომიელების, იმპერატორ ვალენსისა და იმპერატორ თეოდოსიუს დიდის პოზიციები, რომლებმაც სამების ღვთისმეტყველების ჩამოყალიბებაზე პირდაპირი თუ ირიბი გავლენა იქონიეს. გარდა ამისა, მომხსენებელმა მეოთხე საუკუნეში განვითარებული ეს მოვლენები და პოლიტიკურ სტრუქტურათა მიერ სამების ღვთისმეტყველებასთან მიმართებაში ჩამოყალიბებული პოზიციები შეადარა მეოცე საუკუნეში განვითარებულ საღვთისმეტყველო დებატებს: 1. ერიკ პეტერსონსა და კარლ შმიტს შორის არსებულ დაპირისპირებას ქრისტიანობასა და პოლიტიკურ ღვთისმეტყველებას შორის ურთიერთმიმართების თაობაზე, კერძოდ, კარლ შმიტის მიერ ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური წყობის სამებისეულ გამართლების მცდელობასა და ერიკ პეტერსონის მიერ ამ შეხედულების უარყოფაზე. 2. სოციალური ტრინიტარიანიზმის მაგალითებს იურგენ მოლტმანის ღვთისმეტყველებიდან მოყოლებული და მათ წიაღში წარმოშობილ აპორიულ გამოწვევებს.
ქრისტიანობის ისტორიაში სამების ღვთისმეტყველებასთან განსხვავებული მიდგომების განხილვისა და პოლიტიკურ წყობათა მიერ მათზე დაყრდნობით საკუთარი თავის გამართლების მცდელობებში აღმოჩენილი პრობლემების წინ წამოწევის ფონზე, დასკვნით ნაწილში მომხსენებელმა განიხილა პოლ ფიდესის, იოანე ზიზიულასისა და კლაუს ფონ სტოშის მიდგომები, რომლებიც დასახელებული პოლიტიკური თეოლოგიების წიაღში არსებული გამოწვევების გადალახვას ახერხებენ სამების მიმართებით ონტოლოგიაზე დაყრდნობით, კერძოდ, მყოფობის გვარის, თანაზიარებისა და თანამონაწილეობის ცნებათა დინამიკურ და ცხოველმყოფელ გამოცდილებასთან შეკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს სამებასთან თანაზიარებაში მყოფი პიროვნების ტროპოსის ტრანსფორმაციას. რაც მთავარია, ამგვარი მიდგომისა და ხედვის ჩამოყალიბება ხერხდება ადამიანის მიერ კონტინგენტური და ისტორიულად განპირობებული პოლიტიკური სტრუქტურების ღმერთის იმანენტურ რელობაზე პროეცირების გარეშე, რისი საფრთხეც ცალსახად იდგა მანამდე განხილულ ავტორებთან.
———-
მათე სარალიშვილი: სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისუფალი მეცნიერებების პროგრამაზე, სადაც საბაკალავრო ნამშრომი დაიცვა გერმანელ ღვთისმეტყველთან, რუდოლფ ოტოსთან არსებულ ცნობილ ცნებაზე "ნუმინოზური". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა რელიგიის კვლევების პროგრამაზე, სადაც სამაგისტრო ნაშრომი უმაღლესი ქულით დაიცვა სამების მიმართებით ონტოლოგიაზე კაბადოკიელ მამებთან და მაქსიმე აღმსარებელთან. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში, გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნა და Carpe Diem-ის გამომცემლობაში გამოაქვეყნა რუდოლფ ოტოს წიგნი, სახელად "წმიდა" (Das Heilige) და ამისათვის დაჯილდოვდა ელისაბედ ორბელიანის ჯილდოთი. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ის იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტში, კათოლიკური ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე. ამჟამად, ის სადოქტორო ნაშრომს წერს გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში, რელიგიის კვლევებისა და შედარებითი ღვითსმეტყველების პროგრამაზე, სადაც იცავს ნაშრომს სამების მიმართებით ონტოლოგიაზე რელიგიათა შორის დიალოგში.
