
თეოლოგიის ჰაბილიტირებულმა დოქტორმა, იღუმენმა ეფრემ ლომიძემ გერმანიის ქალაქ აიხშტეტში, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების მეექვსე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე 2026 წლის 24 აპრილს გერმანულ ენაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: „Anfänge des Christentums und der Kirche in Georgien. Historisch-theologische Analyse (საქართველოში ქრისტიანობისა და ეკლესიის დასაწყისი. ისტორიულ-თეოლოგიური ანალიზი).“
მოხსენება ეხებოდა საქართველოში პირველი საეკლესიო სტრუქტურის დაფუძნების თემას. დაისვა კითხვა არა იმის შესახებ, თუ როდის და რომელმა მოციქულმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში, არამედ თუ რომელი უძველესი საეკლესიო კათედრიდან მიიღო იბერიის ეკლესიამ თავისი პირველი იერარქია, ეპისკოპატი.
დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ წმ. ეფრემ მცირეს თანახმად წმ. ანდრია მოციქულის მიერ გაქრისტიანებული ქართლი, რომლის შესახებ ცნობებს ქართულში პირველად ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანებში ვხვდებით, გარკვეული დროის შემდეგ კვლავ წარმართობას დაუბრუნდა. ამდენად სამოციქულო უწყვეტი ჯაჭვის მემკვიდრეობის საღვთისმეტყველო გაგების კვალდაკვალ, წმ. ეფრემ მცირეს ახსნის საფუძველზე, რომ წმ. ანდრია პირველწოდებულის მიერ მოქცეული ქართველების მიერ მოხდა ისევ წარმართობისკენ მიბრუნება, და ამდენად მე-4 საუკუნეში წარმოიშვა საჭიროება ახალი საეკლესიო სტრუქტურის აუცილებლობისა ქართლში, საქმე უნდა გვქონდეს მაცხოვნებელი მადლის გადაცემის საეპისკოპოსო სტრუქტურის წყვეტასთან საქართველოში. წმ. ეფრემ მცირეს ეს რეკონსტრუქცია უფრო გასაგები ხდება ბაკურის მონათხრობში, რომელიც რუფინუსის historia ecclesiastica - შია შემონახული, თუ რატომ მოიწვია მეფე მირიანმა IV საუკუნეში ქართლში საეკლესიო საიდუმლოებრივი-საკრამენტული ცხოვრების დასაწყებად იმპერატორ კონსტანტინე დიდისგან სამღვდელოება. ზუსტად იმის გამო, რომ მეფე იბერიაში ვერ ნახულობს კლერუსს მე-4 საუკუნის დაწასწყისში.
ამდენად, წინამდებარე კვლევის კითხვა მდგომარეობს არა იმაში, იყო თუ არა უფლის მოციქული საქართველოში, არამედ იმაში, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ცარიელი სივრცის საღვთისმეტყევლო-ისტორიული კუთხით ახსნა-განმარტება, ანუ კითხვა ეხება იესო ქრისტეს მოციქულებსა და საქართველოს ეკლესიის იერარქიას შორის გაწყვეტილ კავშირს და ამ კავშირის აღდგენის ისტორიულ ჭეშმარიტებას. ეკლესია სამოციქულოა მაშინ, როცა ის უშუალოდ მოციქულის მიერ ფუძნდება (რასაც ეკლესიის პირდაპირი სამოციქულო დაარსება ქვია), და ეკლესია ასევე სამოციქულოა მაშინაც, როცა ის უკვე რომელიმე მოციქულის მიერ დაარსებული კათედრიდან იმემკვიდრებს საეკლესიო იერარქიის სტრუქტურას და ეპისკოპატის გზით აგრძელებს თავის სამოციქულო მსახურებას (რასაც ეკლესიის არაპირდაპირი სამოციქულო დაარსება ეწოდება).
მოხსენებაში ნაჩვენები იქნა მეოთხე საუკუნიდან მეთორმეტე საუკუნის ჩათვლით არსებული 30-ზე მეტი მრავალენოვანი წყაროს ლათინურ, ბერძნულ, კოპტურ-საჰიდურ, სომხურ, ანტიოქიურ და ძველ ქართულ ტრადიციებში საქართველოში საეპისკოპოსო სტრუქტურის დაფუძნების შესახებ მასალები. მოხდა წყაროების კლასიფიკაცია და მათი სისტემატიზაციის შედეგად გამოიკვეთა წყაროების ხუთი ტიპი, რამაც შესაძლებელი გახადა ისტორიულად ზუსტი და დეტალური ანალიზი. ისტორიულ-კრიტიკული და ისტორიულ-საღვთისმეტყველო მეთოდების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა იმის ჩვენება, რომ საქართველოს ეკლესიის იერარქიული სათავეები - სუფთა სამოციქულო უწყვეტი ჯაჭვის პრინციპის გავთვალისწინებით უკავშირდება ანტიოქიის ადრეულ ქრისტიანულ კათედრას, რომელსაც სათავეში ედგნენ მოციქულები, წინასწარმეტყველები და მასწავლებლები. წმ. ანდრია პირველწოდებულის შემდეგ წარმართობისკენ მიქცეული იბერია (რომლის შესახებ სწავლება საბოლოოდ რუის-ურბნისის ადგილობრივი კრების დადგენილე[ბე]ბის წინასიტყვაობაში აისახა), თავის მაცხოვნებელ ნათელს იბრუნებს ისტორიულად ანტიოქიის გზით და საღვთისმეტყველო გაგებით ის ანტიოქიის ეკლესიის დამაარსებლების სუქსესიის მემკვიდრე ხდება.
ამ თვალსაზრისით წმ. ანდრია მოციქულის ძმა - მოციქულთა თავი პეტრე შესაძლებელია მოვიაზროთ ჩვენი ქართული ეპისკოპატის საწყისად, სხვა მოციქულებთან ერთად, ვინც ანტიოქიის მიწაზე პირადად იღვაწეს და იქ სამოციქულო კათედრა და საეპისკოპოსო-იერარქიული სტრუქტურა დააფუძნეს. სამოციქულო უწყვეტი ჯაჭვის საღვთისმეტყველო გაგების საფუძველზე შესაძლებელია იესო ქრისტესა და ქართულ ეპისკოპატს შორის I-IV საუკუნეებში საკითხის შემდეგი ხაზით რეკონსტრუქცია და წარმოდგენა:
↓ იესო ქრისტე (იერუსალიმში)
↓ ქრისტეს მოციქულები (პეტრე) სხვებთან ერთად (პავლე, ბარნაბა და სხვ.) (ანტიოქიაში)
↓ ეპისკოპოსები, როგორც მოციქულთა მემკვიდრეები (ანტიოქიის ეკლესიაში)
↓ (იოანე) ეპისკოპოსის გამოგზავნა საქართველოში (ანტიოქიის ეკლესიიდან)
↓ ეკლესიისა და საეკლესიო იერარქიის დაარსება (საქართველოში)
↓ ქართლის ეკლესიის ეპისკოპოსები და მათი მემკვიდრეები დღემდე.
წინამდებარე თეზა ექვემდეარება შემდგომ აკადემიურ ანალიზსა და შეფასებას, რასაც იმედია სამომავლოდ ადგილი ექნება ქართულ საღვთისმეტყველო დისკურსში.
იღუმენი ეფრემ გ. ლომიძე, თეოლოგიის ჰაბილიტირებული დოქტორი. უფრო მეტი იხ.:
– https://www.step-wien.at/portfolio-item/dr-givi-lomidze/
– https://okk-ktf.univie.ac.at/ueber-uns/#c1028095
– https://iti.ac.at/…/Academic_CV_Ephraem_Givi_Lomidze_11…
