2026 წლის შეხვედრა აიხშტეტში (გერმანია)

2026 წლის 23-26 აპრილს, გერმანიის ქალაქ აიხშტეტში, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტების ქართველი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების მორიგი შეხვედრა - სიმპოზიუმი გაიმართა.
სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა. შეხვედრა გაიმართა თეოლოგთა აღნიშნული ჯგუფის ორგანიზებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიასთან, აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის ქრისტიანული აღმოსავლეთის თეოლოგიის კათედრასთან, კოლეგიუმ ორიენტალესა და საღვთისმეტყველო ცენტრ STEP-თან ერთობლივი თანამშრომლობით, რომელიც გერმანულ ფონდ Renovabis-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
თეოლოგების შეხვედრის პირველი დღე (24 აპრილი) დაეთმო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციას, სადაც ქართველმა მომხსენებლებმა ინგლისურ და გერმანულ ენებზე წარმოადგინეს მოხსენებები საქართველოში ქრისტიანობის წარმოშობისა და განვითარების სხვადასხვა ისტორიულ, სოციალურ და საღვთისმეტყველო საკითხზე.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოს ბოგვერაძის მისასალმებელი სიტყვის შემდგომ, კონფერენცია საქართველოს განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შეჯამებითი გამოსვლით გაიხსნა.
ამავე დღეს შედგა შეხვედრები Collegium Orientaleს დამაარსებელ და ამჟამად მოქმედ რექტორებთან თემაზე: ახალგაზრდა თაობის თეოლოგიური განათლება და მათი სულიერი ფორმაცია ინტერნაციონალურ და ინტერკონფესიურ კონტექსტში. გამოწვევები და პერსპექტივები.
საღამოს შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქი დაათვალიერეს და შეხედულებების გაზიარება და აზრთა გაცვლა უკვე არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.
მეორე დღის (25 აპრილი) პირველი ნახევარი აგრეთვე სამეცნიერო მოხსენებებს მიეძღვნა. მომხსენებლებმა ამჯერად უკვე ქართულ ენაზე გაუზიარეს კოლეგებს თავიანთი კვლევითი პროექტების ცენტრალური ასპექტები.
აღსანიშნავია ამავე სხდომის ფარგლებში ჩატარებული პრეზენტაციაც, რომელიც ქართველ თეოლოგთა უკვე ტრადიციად დამკვიდრებული შეხვედრების ისტორიის ვიდეო და ფოტო მასალას ასახავდა.
სესიის ბოლო ნაწილი სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმო, რის შემდეგაც ყველა ერთად გაემგზავრა ინგოლშტატის ქართულ სამრევლოში, სადაც სტუმრებს თეოლოგიის ლიცენციატმა, მღვდელმა გრიგოლ ჭეჟიამ უმასპინძლა. სამრევლოში სტუმრობისას შეხვედრის მონაწილეებმა გადაიხადეს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მრევლს შეხვდნენ.
შეხვედრაში ტრადიციულად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონფესიათა წარმომადგენელი ქართველი სტუდენტები, რაც სასიხარულო ფაქტია და დიალოგის კიდევ უფრო გაფართოებასა და განსხვავებული პერსპექტივების გახსნას ნიშნავს. შეხვედრას აგრეთვე შემოუერთდა ახალი წევრი სოციოლოგიის დარგიდან, რომელიც თეოლოგიის დარგში გააგრძელებს სწავლას.
კვირას, 26 აპრილს ქართველ თეოლოგთა შეხვედრა დასრულდა საღმრთო ლიტურგიით, რომელშიც მონაწილეები ერთობლივად მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ყოვლადწმიდა სამებას შეავედრეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაქვრივებული კათედრა, ახალი მწყემსმთავრის სულიწმინდის კარნახით გამოსარჩევად და ღვთის ნების აღსასრულებლად.
მონაწილეები მადლობას ვუხდით ყველა ორგანიზაციას, 2026 წლის შეხვედრის მხარდაჭერისათვის.

თანამშრომელი ორგანიზაციები:

აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტი

გერმანიისა და ავსტრიის ეპარქია

რენოვაბისი

კოლეგიუმ ორიენტალე - აიხშტეტი

წმ. ეფრემის აღმოსავლურ-დასავლური სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (STEP)

error: Content is protected !!
Scroll to Top