
ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,
93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეულმა გარემოებებმა განაპირობეს ის ფაქტი, რომ დიასპორის ქართველი მღვდელმთავრები, რომლების დღეს თქვენს გვერდით უნდა ვყოფილიყავით, ვერ ვახერხებთ ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაში თანამონაწილეობას.
სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ სიმპოზიუმის წევრებს, სტუმრებსა და მეცენატებს წერილობითი ფორმით მოგმართოთ და გადმოგცეთ ჩემი გულითადი მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა.
ნება მიბოძეთ, მივესალმო კონფერენციის მონაწილეებს და გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა. დარწმუნებული ვარ ამ კონფერენციის მიზანდასახულობის აქტუალობასა და შერჩეული სამეცნიერო თემატიკის მნიშვნელობაში.
დიახ, მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა და აი რატომ:
1. პირველად წლების შემდეგ, დასავლეთში მოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები, მისი მმართველი ეპისკოპოსები და ევროპაში მოღვაწე ქართველი თეოლოგები ერთობლივად ვაწყობთ კონფერენციას.
2. დღევანდელი სიმპოზიუმი ეძღვნება „საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს“.აქვე მსურს მადლობა გადავუხადო აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტს, განსაკუთრებით კი ქრისტიანული აღმოსავლეთის თეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ დოქტორ თომას კრემერს, მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის.
3. მეტად მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესსის ადგილობრივმა მღვდელმთავარმა, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძემ) გამოუცხადა დღევანდელ სიმპოზიუმს, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი თეოლოგებისა და თეოლოგიის სტუდენტების ყოველწლიური შეკრებების ფარგლებში იმართება. მე ვიტყოდი ეს უმნიშვნელოვანესიც კია.
4. ეს შეხვედრა არის ნაყოფი სწორედ იმ მაღალი აკადემიური კულტურის, რომელიც თქვენ — აქ წარმოდგენილმა ახალგაზრდა ქართველმა თეოლოგებმა — ბოლო შეხვედრებზე გამოავლინეთ.
5. თქვენ, ახალგაზრდებმა, პირველებმა გადადგით ნაბიჯი დედაეკლესიასთან თანამშრომლობისკენ. ეს მაღალი კულტურის გამოვლინება და, ვიტყოდი, სულიერების დასტურიცაა.
6. თქვენ ხართ ეკლესიის მომავალი. თქვენ აღმოჩნდით იმაზე მეტად ძლიერნი, ფრთხილნი და თანმიმდევრულნი ყველა მიმართულებით, ვიდრე ჩვენ — იერარქები — ამას წარმოვიდგენდით.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ღონისძიების მხარდამჭერ ორგანიზაციებს. მათ შორის განსაკუთრებით მსურს გამოვყო „რენოვაბისი“ და მისი წარმომადგენლობა, რომელიც დღეს ჩვენს შორისაა; ასევე, კოლეგიუმ ორიენტალე (აიხშტეტი) (COr)რომელიც ქართველი სტუდენტებისთვის თეოლოგიის დარგში „ალმა მატერად“ იქცა.
დღეს ეს სტუდენტები დედაეკლესიის ყველაზე გულწრფელი გულშემატკივრები არიან. ჩვენ მათ ეკლესიის სამსახურში ვხედავთ; მათ შესწევთ უნარი, აკადემიური დისკურსი აწარმოონ არა მხოლოდ თეოლოგიურ საკითხებზე, არამედ აქტუალურ საეკლესიო-ინსტიტუციურ პრობლემებზეც.
გისურვებთ ნაყოფიერ აკადემიურ მუშაობას და სასიამოვნო შეხვედრებს.
ყოვლადუსამღვრდელოესი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი
