
„ქართველი თეოლოგები საზღვარგარეთ“ ვუერთდებით საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი, სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის სიხარულს და ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახლადაღსაყდრებულ კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას.
ჩვენთვის, როგორც თეოლოგიის დარგში მყოფი სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევრებისათვის, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია ჩვენს ეკლესიასთან მჭიდრო სულიერი და სამეცნიერო ურთიერთობა და თანამშრომლობა. გააზრებული გვაქვს, რამდენად ცენტრალურია რწმენისა და ცოდნის, სულიერებისა და კულტურის სიმფონიური თანაარსებობა. ეს არის გამოხატვა იმ დიდი ტრადიციისა, რომელსაც ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის პირველმა მამებმა და მასწავლებლებმა ჩაუყარეს საფუძველი. თანამდეროვე ეპოქაში ამ ორი სფეროს - რწმენისა და ცოდნის - ეკლესიის წიაღში თანაარსებობას ალტერნატივა არ გააჩნია: ერთი მხრივ, რწმენა ცოდნის გარეშე ჰბადებს ფუნდამენტალიზმისა და ფანატიზმის საფრთხეს, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ საზოგადოებისა და მისი ყველა სფეროს პირდაპირი მტერია. მეორე მხრივ, მხოლოდ ცოდნა რწმენის გარეშე წარმოშობს მშრალ რაციონალიზმს, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ეკლესიის მისტიკურ სხეულს. მხოლოდ რწმენისა და ცოდნის ჯანსაღი სინთეზი გვიჩვენებს იმ გზას, რომელზეც ჩვენი ეკლესიის მანათობელი მამები და დედები დადიოდნენ. ამდენად, ჩვენთვის - ამ ეკლესიის შვილებისა და თეოლოგიის დარგში მოღვაწე ახალგაზრდებისათვის - მნიშვნელოვანია, ჩვენი აკადემიური რესურსი ვაქციოთ ჩვენივე ეკლესიის სულიერი და ინტელექტუალური წინსვლის საწინდრად!
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მის უწმიდესობასა და უნეტარესობასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან სამომავლოდ მრავალ კეთილ ნაყოფს გამოიღებს!
ვლოცულობთ თქვენი მრავალჟამიერი მსახურებისათვის ჩვენი ეკლესიისა და ერის სულიერი წინსვლის გზაზე!
