
ეკლესიები და საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში
რეფლექსიები „რენოვაბისის“ სოლიდარობის ფონდის პერსპექტივიდან
პატივცემულო პროფესორებო,
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,
ძვირფასო სტუდენტებო,
პირველ რიგში, მსურს გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ამ სიმპოზიუმზე მოწვევისთვის და, ამავდროულად, გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება იმ მოხსენებების გამო, რომელთა მოსმენის შესაძლებლობაც დღეს გვქონდა. თქვენ აჩვენეთ, თუ რამდენად სიღრმისეულად და დიფერენცირებულად აანალიზებთ თქვენ — როგორც მეცნიერთა ახალგაზრდა თაობა — თქვენი ეკლესიის ისტორიასა და აწმყოს. ჩვენთვის, როგორც „რენოვაბისისთვის“, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ აზრის გაზიარების ასეთ ადგილებს, რადგან ისინი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას ემსახურებიან, არამედ შესაძლებელს ხდიან შეხვედრას და ამით აყალიბებენ გრძელვადიან ნდობას.
თქვენი შეხვედრის მიზეზი — საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი — ყურადღებას ამახვილებს იმ ისტორიულ მოვლენაზე, რომელიც სცდება საეკლესიო გადაწყვეტილებას. გაქრისტიანებამ ხანგრძლივად განმსჭვალა საქართველოს კულტურული და სამოქალაქო განვითარება და უზრუნველყო სახელმწიფოს გადარჩენა. ამასთანავე, ჩამოყალიბდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულება, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში არაერთხელ იცვალა სახე.
ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთდამოკიდებულების ცვლილებას ვხვდებით ასევე დასავლეთში: საკმარისია გავიხსენოთ ინვესტიტურისათვის ბრძოლა, რეფორმაცია ანდა სეკულარიზმი. ცვლილების მსგავსი პერიოდი ასევე იდგა „რენოვაბისის“ ისტორიის პირველ წლებში: ჩვენი ორგანიზაცია დაარსდა 1993 წელს როგორც გერმანელ კათოლიკეთა სოლიდარობის ფონდი ადამიანებისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. უშუალო ფონს წარმოადგენდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები ცივი ომის შემდეგ, რამაც მრავალ ქვეყანაში ფუნდამენტური ცვილილებები გამოიწვია — არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში, არამედ საზოგადოებრივ და საეკლესიო ცხოვრებაშიც. მას შემდეგ ჩვენ, „რენოვაბისი“, ვეხმარებით იმაში, რომ გადავლახოთ როგორც საბჭოთა დიქტატურისა და ტოტალიტარიზმის ის მატერიალური შედეგები ასევე მარქსისტულ-ლენინისტური მენტალური შედეგები.
დღეს, სამი ათწლეულზე მეტის ხნის შემდეგ, ჩვენი საქმიანობის ბუნება მკაფიოდ შეიცვალა. მაშინ როდესაც პირველ წლებში წინა პლანზე საეკლესიო და სოციალური სტრუქტურების აღდგენა იდგა, დღეს უფრო მეტად განათლების, სოციალური ინტეგრაციისა და ინსტიტუციური სტაბილურობის საკითხებს ეხება. ჩვენ შეგნებულად განვიხილავთ ჩვენს სამუშაოს ორ ურთიერთდაკავშირებულ დონეზე: როგორც კონკრეტული საპროექტო სამუშაო (ფინანსურ-საინვესტიციო საქმიანობა – მთარგმნელისგან) და როგორც უწყვეტი დიალოგი.
საპროექტო სამუშაო აუცილებელია პრაქტიკული ხელშეწყობისათვის და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.
დიალოგი აუცილებელია ნდობის ჩამოყალიბებისთვის, განსხვავებული ხედვების გასაგებად და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგრადი განვითარება მხილოდ მაშინ მიიღწევა, როცა ორივე ელემენტი ერთად მოქმედებს.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საქართველოში – გრძელვადიანი ჩართულობის განვითარება
რას ვაკეთებთ საქართველოში? თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ჩვენს ჩართულობას საქართველოში, შევნიშნავთ განვითარებას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცვლილებებთან. პირველი პროექტი, რომელიც დააფინანსა „რენოვაბისმა“ იყო 1990-იან წლებში „ლადა ნივა 4x4“ მონაზვნებისთვის. შედარებითად ეს პროექტი იყო პატარა, მაგრამ გვაძლევს მაგალითს იმისას, თუ როგორ დაიწყო ჩვენი საქმიანობა: ადამიანების ძალიან კონკრეტული დახმარებით, რომლებმაც მძიმე მოცემულობაში აიღეს პასუხისმგებლობა. შემდეგ წლებში ჩვენი ჩართულობა ნაბიჯ-ნაბიჯ გაფართოვდა და გადაიზარდა დიდ პროექტებში, თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დახმარების სახით.
ჩენი საქმიანობის ერთერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობა დიასპორაში, რომელიც საქართველოში პატარა მაგრამ მეტად ანგაჟირებულ კრებულს შეადგენს. ამავდროულად, მჭიდრო თანამშრომლობას ვეწევთ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან, განსაკუთრებით საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ქალდეურ-კათოლიკურ ეკლესიასა და სომხურ-კათოლიკურ ეკლესიასთან. ეს თანამშრომლობა არ არის მხოლოდ მრავალფეროვნებაში ეკუმენური ღიაობის გამოხატვა, არამედ, ასევე, პრაქტიკული საჭიროება, რადგან მრავალი საზოგადოებრივი გამოწვევის დაძლევა მხოლოდ ერთად დგომით შეიძლება მიიღწეს.
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებისა და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერის სფეროებს. დღემდე დახმარება გავუწიეთ 32 ქართველ სტიპენდიატს გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში სწავლის გასაგრძელებლად. მათგან დაახლოებით ნახევარი მართლმადიდებელი ეკლესიიდანაა. მთლიანობაში დღემდე სასტიპენდიო პროგრამისთვის 700 000 ევროზე მეტია ინვესტირებული. ჩვენი პერსპექტივიდან მხარდაჭერის ეს ფორმა ამავდროულად არის მნიშვნელოვანი წვლილი ეკლესიათა და საზოგადოებებს შორის დიალოგის საქმეში. სწორედ ამიტომ, სრულიად გააზრებულად მოგმართავთ ახლა თქვენ, მათ, ვინც დღეს აქ ხართ, ან თავად იყავით ან ხართ მსგავსი პროგრამის ნაწილი.
თქვენ გაქვთ ის შესაძლებლობა – და ასევე თავისუფლებაც – გაეცნოთ სხვა აკადემიურ და საეკლესიო სისტემებს, გამოსცადოთ განსხვავებული აზროვნებისა და მუშაობის ფორმები და გამართოთ დისკუსიები სხვადასხავ შეხედულებებზე. ეს გამოცდილება არ არის თავისთავადი, და არც – თვითმიზანი. ჩვენ უფრო მეტის იმედი გვაქვს, რომ თქვენ აქ გატარებული დროით შეძლებთ თან წაიღოთ ის, რაც თქვენთვისაც და თქვენი ეკლესიისთვისაც არის საჭირო, და რომ თქვენ თქვენს გამოცდილებას მოგვიანებით თქვენს პროფესიულ კონტექსტებში გამოიყენებთ.
აქ საქმე არ ეხება რომელიმე მოდელის ბრმად გადმოღებას ან განსხვავებების თვალის არიდებას. ეს ეხება იმას, რომ ამ ორი სამყაროდან საუკეთესო შეიცნოს, კრიტიკულად შეაფასოს და პასუხისმგებლობით განავითაროს. ვინც ამ ორ, ეკლესიურ და საზოგადოებრივ კონტექსტში მოღვაწეობს, ხშირად განსაკუთრებულად კარგად სწავლობს დასვას შეკითხვები, გაიგოს ურთიერთდამოკიდებულებები და ამოიცნოს გაუგებრობები. ჩვენ ისინი ხიდების მშენებლებად გვჭირდებიან!
როცა თქვენ თქვენს სამშობლოში დაბრუნდებით ან თქვენს პროფესიულ მოღვაწეობას იქ განაგრძობთ, თქვენ წაიღებთ არა მარტო დარგობრივ ცოდნას, არამედ პირად გამოცდილებასაც, კავშირებს და იმის სიღრმისეულ გაგებას, თუ როგორ შეიძლება ინტერნაციონალური თანამშრომლობის ფუნქციონირება. ამგვარად, ყალიბდება დიალოგი არა როგორც აბსტრაქტული იდეა, არამედ კონკრეტულ ურთიერთობებში ადამიანებთან, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ და ერთმანეთს უსმენენ.
გარადატეხები და გამოწვევები – განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცვალებადი გარემოებები
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის გარემო. ეს ცვლილებები განსაკუთრებით ეხება განათლების სექტორს და იმ ორგანიზაციების სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლებიც საერთაშორისო თანამშრომლობაში არიან ჩართულნი.
ერთი საკითხი, რომელიც დღესდღეობით ინტენსიურად განიხილება არის უმაღლესი განათლების რეფორმა. დაგეგმილი ღონისძიებები სხვა საკითხებთან ერთად მიზნად ისახავენ უნივერსიტეტების ზედამხედველობის გაძლიერებას, მაგალითად, მმართველობით სტრუქტურებზე, ბიუჯეტებსა და სასწავლო პროგრამებზე გავლენის მოხდენის მექანიზმებს. ასეთი რეფორმები მრავალ ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება, რადგან ისინი ფუნდამენტურ საკითხებს ეხება როგორიცაა საზოგადოებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი.
ნება მომეცით შევნიშნო: უნივერისტეტი არის თავისუფალი კვლევისა და ღია დისკუსისთვის ტრადიციული სივრცე. ეს თავისუფლება ითვლება ინტერნაციონალურ სამეცნიერო საქმიანობაში როგორც ერთერთი ცენტრალური სტანდარტი და საფუძველი იმისა, რომ ყალიბდება მეცნიერული ცოდნა და შესაძლებელია მისი განვითარება. მეცნიერება ცოცხლობს იმით, რომ განსხვავებული მიდგომებს უფლება აქვთ იარსებონ ერთმანეთის გვერდიგვერდ და რომ არგუმენტები ერთმანეთში აზრის გაცვლა-გამოცვლით მოწმდება.
განათლების სისტემას, რომელსაც ხანგრძლივ პერსპექტივაში უნდა ჰქონდეს უნარი იტვირთოს და ინტერნაციონალურ კავშირებს აუწყოს ფეხი, აქედან გამომდინარე, საჭიროებს ღიაობას სხვადასხვა პერსპექტივებისთვის და არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა ერთეულ აზრს თუ მიდგომას. სწორედ პროფესორებს, მასწავლებელებსა და ასევე, სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები, განავითარონ პოზიციები და ასევე, განიხილონ საკამათო ხედვები იმის შიშის გარეშე, რომ ისინი მათი რწმენის გამო დაზარალდებიან.
ჩვენი ინტერნაციონალური თანამშრომლობის გამოცდილება გვაჩვენებს ასევე: განსხვავებული აზრი არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას. პირიქით, როცა ისინი დიალოგში ერთმანეთთან პატივისცემით იქნება გამოყენებული, მათ შეუძლიათ ნაყოფიერ გაცვალმდე მიგვიყვანოს და ისინი ხელს უწყობენ იმაში, რომ ინსტიტუციები და საზოგადოებები ხანგრძლივად სტაბილურნი რჩებიან. ჩვენ ამას ვხედავთ გერმანში კათოლიკური ეკლესიაში სინოდალურობის საკითხზე დავის ჭრილში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ეხება ეგრეთ წოდებულ აგენტების ანდა გამჭვირვალობის კანონს, რომელიც ორგანიზაციებს დიდი უცხოური დაფინანსების მქონეებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ და დააკმაყოფილონ დამატებითი ანგარიშგების მოთხოვნები. ამ კანონმა პრაქტიკაში მიგვიყვანა ადმინისტრაციული მოთხოვნებთან, რომელებიც განსაკუთრებით აისახა ორგანიზაციებზე, რომელებიც უცხოურ დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი.
„რენოვაბისისთვის“ ეს კონკრეტულად ნიშნავს იმას, რომ დღეს ფინანსური რესური აღარ შეიძლება უშუალოდ პროექტის პარტნიორებს გადაერიცხოს და უნდა გაიარონ დამატებითი ვერიფიკაციისა და კონტროლის პროცედურები. ეს ტენდენცია განსაკუთრებით კარგად ჩანს „საქართველოს კარიტასის“ მაგალითზე, რომლის საქმიანობასაც ჩვენ მრავალ სფეროში დავუჭირეთ მხარი. ეს მოიცავს 2008 წლის ომის შემდეგ ლტოლვილების მხარდაჭერასა და ინტეგრაციას, განათლების სექტორში მიმდინარე ინიციატივებს, ასევე, ხანდაზმულთა და სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერას.
ეს მდგომარეობა ჩვენთვის არ არის საფუძვლიანი კრიტიკის მიზეზი თუ არა გულითადი რეფლექსიისა იმ პირობებზე, რომელთა ქვეშაც ხორციელდება ინტერნაციონალური თანამშრომლობა. ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა სახელმწიფო პრიორიტეტები და მხარდამჭერი გადაწყვეტილებები დროთა განმავლობაში შეიცვალონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლებები ფინანსური თუ შიდაპოლიტიკური შეზღუდვების ქვეშ დგანან. ჩვენი აზრით, სწორედ ასეთ სიტუაციებში ვხედავთ, თუ რომელი სფეროები მიიჩნევა განსაკუთრებით დაცვის ღირსად – მაგალითად, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების, რთულ სასიცოცხლო გარემოებებში მყოფი ოჯახების ან უმაღლესი და პროფესიულ განათლების წვდომის არმქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა – და სწორედ მაშინ ვლინდება ადამიანურობა.
კარგი სახელისუფლებო მენეჯმენტი მაშინ იჩენს გრძელვადიან პერიოდში თავს, როდესაც ის, შეზღუდული რესურსების მიუხედავად, იღებს პასუხისმგებლობას საზოგადოების მოწყვლად წევრებზე და, ამავდროულად, აყალიბებს ისეთ მოცემულობას, რომელიც ნდობის საფუძველი ხდება. ეს მოიცავს გამჭვირვალე პროცედურებს, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემასა და მათ ხელშეწყობას. ეს პრინციპები არ არის აბსტრაქტული პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ პრაქტიკული წინაპირობები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სახელმწიფო ორგანოებმა, ეკლესიებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ეფექტიანად შეძლონ თანამშრომლობა.
ჩვენთვის, როგორც „რენოვაბისისთვის“, ეს კონკრეტულად იმას ნიშნავს, რომ გავაგრძელებთ ჩვენი პროექტების განხორციელებას ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით და, ამავდროულად, საგულდაგულოდ გავითვალისწინებთ შესაბამის სამართლებრივ მოთხოვნებს.
დასკვნა – რამდენიმე კითხვა დასაფიქრებლად
დასასრულს არ მსურს დასკვნითი პასუხების ჩამოყალიბება, არამედ დავსვამ რამდენიმე კითხვას, რომლებიც დღევანდელმა დისკუსიამ წარმოშვა და ალბათ, თქვენი საკუთარი ნამუშევრისა და პირადი მომავლისთვის არსებითი მნიშვნელობის შეიძლება იყოს. ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, თუ როგორ ხედავთ თქვენ როგორც ახალგაზრდა თეოლოგები ანდა როგორც სხვა დარგის სტუდენტები თქვენი ეკლესიის როლს მომავალ წლებში.
1. რა მოლოდინები გაქვთ თქვენი ეკლესიისგან განათლების, სოციალური პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო ისევე როგორც ეკუმენური თანამშრომლობის კუთხით?
2. რა გამოცდილება გაქვთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში – მაგალითად, სწავლაში, სამოძღვრო მსახურებაში ან საზოგადოებრივ საქმიანობაში – და რა სახის მხარდაჭერის მიღება გსურთ ამ მხრივ საეკლესიო დაწესებულებებისგან?
და დასასრულ ისმევა ასევე ალბათ ფუნდამეტური კითხვა:
3. დიალოგის რა ფორმებს თვლით განსაკუთრებით მნიშვნელოვნად – თქვენს ეკლესიაში, ეკლესიათა შორის და საზოგადოებასთან მიმართებით?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია ცალკეულ მოხსენებაში, მაგრამ ისინი შეიძლება გახდნენ ამოსავალი წერტილი მომავალი საუბრებისთვის.
გმადლობთ ყურადღებისთვის და მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად დისკუსიას.
