
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა „საეკლესიო-საგანმანათლებლო თავნის“ — გამოცემა.
გამოიცა სერიის მესამე და მეოთხე ტომები:
📖 ტომი III — „ეკლესია და წმინდა წერილი“
რედაქტორები: მირიან გამრეკელაშვილი, ნინო საყვარელიძე
სერიის დამფუძნებელი და გამომცემელია ეპისკოპოსი დოსითეოზ ბოგვერაძე
აღნიშნული ტომი ეძღვნება წმინდა წერილის - ბიბლიის მნიშვნელობის, როლისა და ფუნქციის მრავალმხრივ კვლევას ეკლესიის ცხოვრებაში, საღვთისმეტყველო აზროვნებასა და თანამედროვე საზოგადოებაში. ტომში განხილულია ბიბლიის ინტერპრეტაციისა და ანალიზის მეთოდოლოგიური საკითხები, საეკლესიო ტრადიციასა და აკადემიურ კვლევებში წმინდა წერილის გამოყენების პრინციპები, აგრეთვე მისი მნიშვნელობა ქრისტიანული სარწმუნოების ჩამოყალიბებისა და გადაცემის პროცესში.
გამორჩეული ყურადღება ეთმობა ბიბლიის ცალკეული წიგნების, ტექსტების, იგავებისა და თეოლოგიური თემების ეგზეგეტიკურ და ჰერმენევტიკულ ანალიზს. ავტორები იკვლევენ წმინდა წერილის შინაარსობრივ, ისტორიულ, ლიტერატურულ და საღვთისმეტყველო განზომილებებს, ასევე მის კავშირს ეკლესიის დოგმატურ, ლიტურგიკულ, ეთიკურ და სულიერ ტრადიციასთან.
📖 ტომი IV — „მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური გზავნილის ძიებაში“
რედაქტორები: შოთა კინწურაშვილი, მიხეილ ნებიერიძე
სერიის დამფუძნებელი და გამომცემელია ეპისკოპოსი დოსითეოზ ბოგვერაძე
აღნიშნული ტომი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მცდელობას ქართულ საღვთისმეტყველო სივრცეში, დაიწყოს აკადემიური და საეკლესიო დისკუსია მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის აქტუალური და სპეციფიკური საკითხების გარშემო. ტომში განხილულია თანამედროვე ეპოქის მიერ წამოჭრილი სოციალური, კულტურული და ბიოეთიკური გამოწვევები, რომელთა მიმართაც ეკლესია მოწოდებულია ჩამოაყალიბოს საღვთისმეტყველოდ დასაბუთებული და საზოგადოებრივად პასუხისმგებლიანი პოზიცია.
კრებულში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებების საკითხს მართლმადიდებლური სწავლების კონტექსტში, ეკლესიის სოციალური მსახურების ფორმებსა და საზღვრებს, დიაკონიის თეოლოგიურ საფუძვლებს, დიაკვნისა და დიაკონისეული მსახურების ადგილსა და მნიშვნელობას ეკლესიის ცხოვრებაში, აგრეთვე თანამედროვე ბიოეთიკის მნიშვნელოვან თემებს.
ტომში ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული სოციალური დოკუმენტების, კონცეფციებისა და ოფიციალური განცხადებების ანალიზი და კრიტიკული განხილვა. ამრიგად, ტომი მიზნად ისახავს არა მხოლოდ არსებული გამოცდილების წარმოჩენას, არამედ ქართულ მართლმადიდებლურ სივრცეში სოციალური ეთიკის დამოუკიდებელი კვლევისა და განვითარების ხელშეწყობას, რაც თანამედროვე საზოგადოების საჭიროებებთან ეკლესიის უფრო აქტიურ და გააზრებულ დიალოგს შეუწყობს ხელს.
სერია აერთიანებს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ თეოლოგიის სტუდენტებს, მაგისტრებს, დოქტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც სხვადასხვა თეოლოგიურ დისციპლინაში ეწევიან კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას. მათ შორის არიან: ზურაბ ჯაში, სოფიო გოზალიშვილი, ლაზარე ბალიაშვილი, მათე სარალიშვილი, მღვდელმონაზონი ლეონიდე ებრალიძე, იღუმენი ეფრემ ლომიძე, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზ გურგენიძე, შოთა კინწურაშვილი, მიხეილ ნებიერიძე, მირიან გამრეკელაშვილი, ნინო საყვარელიძე და სხვანი.


