მილოცვა ნინო აფციაურს სადოქტორო დისერტაციის წარმატებით დაცვისთვის

"ქართველი თელოგები საზღვარგარეთ" ულოცავს ნინო აფციაურს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის (რუპრეხტ კარლის სახელობის უნივერსიტეტი) თეოლოგიის ფაკულტეტზე სისტემურ თეოლოგიაში (დოგმატიკა) დოქტორის ხარისხის (PhD) მოპოვებას. 2026 წლის ივლისში მან წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა უმაღლესი შეფასება Magna cum laude.

დისერტაციის თემაა: “გზად ღმერთისაკენ: ადამიანის, როგორც პიროვნების, გზა განკაცების წმინდა საიდუმლოდან ღვთის შვილობამდე” / “მართლმადიდებლური ტრადიციის სააზროვნო სტრუქტურა გრიგოლ პალამას განღმრთობის თეოლოგიის საფუძველზე” (“Unterwegs zu Gott: Der Weg des Menschen als Person vom Heiligen Mysterium der Inkarnation zur Kindschaft Gottes / Die Denkstrukur der Orthodoxen Tradition anhand der Θέωσις-Lehre bei Gregorios Palamas”). სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობა დაფინანსებული იყო კონრად-ადენაუერის ფონდის მიერ.

ნაშრომი “გზად ღმერთისაკენ” მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს მართლმადიდებულური აზროვნების სტრუქტურული თავისებურებები გრიგოლ პალამას განღმრთობის თეოლოგიის მაგალითზე. მიზანი ემსახურება არა მხოლოდ პალამას თეოლოგიის, როგორც ასეთის, გაშუქებას მისი განვითარების ცალკეული ფენებზე დაკვირვების საშუალებით. განღმრთობის თეოლოგია ნაშრომში იმ შემაკავშირებელ ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის გარშემოც ერთიანდება მართლმადიდებლური აზროვნების წარსული, აწმყო და მომავალი. თეოზისი, როგორც მდგომარეობა და როგორც პროცესი, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გამოხსნის გზაზე გადის, მისი არსისა და ეგზისტენცის მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს: ადამიანი როგორც პიროვნება განიცდის ფერიცვალებას არსობრივ, ჰიპოსტასურ და ენერგეტიკულ დონეზე. ამ ფენებიდან თითოეული ქმნის ადამიანს, როგორც მთლიან ეგზისტენცს და მის ახალ, ან, უფრო ზუსტად, ახლებურ ყოფიერებას განაპირობებს. ნაშრომი, შესაბამისად, იკვლევს ცნებების - არსი, ენერგია, ჰიპოსტასი - სემანტიკურ ველებს როგორც ონტოლოგიურ, ისე ანთროპოლოგიურ და ქრისტოლოგიურ განზომილებაში გრიგოლ პალამას თეოლოგიის მაგალითზე.

ასე მაგალითად, არსის ცნება, რომელიც ონტოლოგიურ დონეზე საგნის უღრმეს რაობას ნიშნავს, ანთროპოლოგიურ დონეზე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში სულისა და სხეულის ერთიანობად განისაზღვრება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის არსი, გრიგოლ პალამას თეოლოგიის მიხედვით, მისი სულისა და სხეულის ერთიანობას წარმოადგენს. აქ პალამა ზუსტად მიჰყვება მაქსიმე აღმსარებლის სწავლებას, მაგრამ ავითარებს კიდეც მას და ამატებს, რომ ადამიანის არსის თავისებურება სიცოცხლისადმი მისი განსაკუთრებული მიმართებაა. ღვთისმეტყველების დონეზე მთელი მართლმადიდებლური სწავლება თანხმდება, რომ ღმერთის არსი შეუცნობელი, ტრანსცენდენტულია, მაგრამ მის შესახებ ცნობილია, რომ ღმერთი ადამიანს საკუთარ თავს ადამიანის მზაობისდამიხედვით გამოუცხადებს. ასე რომ, ღმერთის დაუსაბამო არსს აქვს თავისი დაუსაბამო მოდუსი (მაქსიმე აღმსარებელი), სხვაგვარად, თავისი დაუსაბამო ენერგია (გრიგოლ პალამა), რომლითაც ის, როგორც შემოქმედი, თავის ქმნილებას ეცხადება და მას ახალი ცოდნის თანამოზიარედ ხდის.

ამავე თანმიმდევრობით აანალიზებს ნაშრომი ენერგიისა და ჰიპოსტასის ცნებებს ჯერ ონტოლოგიურ დონეზე, რომელიც, ძირითადად, ფილოსოფიურ ცოდნას ეყრდნობა. ამ ცოდნას იყენებს და ციტირებს თავად პალამა, როდესაც არისტოტელეს კატეგორიების მიხედვით ფილოსოფიურ ენაზე თარგმნის თეოლოგიურ შინაარსს.

ნაშრომის მესამე დასკვნითი ნაწილი წარმოადგენს ნაშრომში გამოყენებული მეთოდის, არგუმენტაციის რეკონსტრუქციული ანალიზის, შეჯამებას. მესამე ნაწილის პირველ თავში წარმოდგენილია მაქსიმე აღმსარებლისა და გრიგოლ პალამას არგუმენტაციის შედარებითი რეკონსტრუქცია. აღნიშნული რეკონსტრუქცია აანალიზებს და აღადგენს იმ სწავლებას, რომელიც მამებს, თავიანთი ეპოქის განსხვავებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ფართოდ არ განუვითარებიათ. ასეთია, მაგალითად, ადამიანური ჰიპოსტასის გაგება.

მის შესახებ ჩატარებული რეკონსტრუქცია ნაშრომის ბოლოს უკავშირდება თანამედროვე მართლმადიდებლურ თეოლოგიაში ქრისტოს იანარასისა და იოანის ზიზიულასის მიერ განვითარებულ სწავლებას ადამიანური პიროვნების შესახებ. ნაშრომის შემოთავაზებაა, აღდგეს და განვითარდეს მამათა თეოლოგიისგან ანთროპოლოგიური ჰიპოსტასის კონცეფცია მისთვის საჭირო თეოლოგიურად ფუნდამენტურად დასაბუთებული მასშტაბებით, რათა დაბალანსდეს ზიზიულასისა და იანარასის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ადამიანური ექსტასის შესახებ, რომელიც თავისთავად ასევე საჭირო და საინტერესო საზოგადოებრივ-საღვთისმეტყველო პოტენციალს ატარებს. თუმცა ექსტასის, “საკუთარი თავიდან გამოსვლის” თეოლოგია აუცილებლად უნდა იყოს მჭიდროდ დაკავშირებული ჰიპოსტასის თეოლოგიასთან.

აღსანიშნავია, რომ ბერძნული სიტყვა ὑπόστασις ასევე ბერნძნული სიტყვა ἔκστασις -ის ზუსტ ეტიმოლოგიურად საპირისპირო მხარეს წარმოადგენს: პირველი მათგანის შინაარსი მისი სიტყვა-სიტყვით თარგმნის შემთხვევაში არა საკუთარი თავის გარეთ გამოსვლას, არამედ “საკუთარ თავში ჩასვლას” ნიშნავს, რის საფუძველზეც ნაშრომში მისი დესკრიფციული განმარტებაა შემოთავაზებული: “თვითჩაღრმავება”. შესაბამისად, ექსტასი ჰიპოსტასის გარეშე პიროვნებისათვის თვითდაკარგვის საფუძველი შეიძლება გახდეს (ნაშრომის ერთ-ერთი დასკვნითი თეზისი).

ჰიპოსტასის თეოლოგიის კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გამოკვლევის საჭიროება და მისი პოტენცია ნაშრომში მხოლოდ ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს, რომელიც უჩვენებს, როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული არგუმენტაციის რეკონსტრუქციის შედეგად მიღებული ცოდნა მართლმადიდებლური ტრადიციის სააზროვნო სტრუქტურის შესახებ თანამედროვე ენაზე თანამედროვე გამოწვევების წინაშე მდგომი თეოლოგიისათვის შესაბამისი შინაარსის შესაქმნელად ისე რომ, ერთი მხრივ, თანამედროვე თეოლოგიამ არ დაკარგოს ბმა აქტუალურ პრობლემებთან და ამით მუდმივად დარჩეს მოპასუხედ მორწმუნე საზოგადოებისათვის.

დასკვნითი თავი კი, დასკვნითი თავი მიზნად ისახავს, წინ წამოწიოს თანამედროვე ენაზე აქტუალური პრობლემებისათვის საპასუხო თეოლოგიის მართლმადიდებლურ სააზროვნო სტრუქტურაში დაფუძნებულობის ერთ-ერთი შესაძლებლობა, როგორიცაა ზემოთ განხილულ ნაშრომში გრიგოლ პალამას თეოლოგიის საფუძველზე აღდგენილი არგუმენტაცია და მისივე სააზროვნო სტრუქტურა, რომელიც როგორც პალამას წინამორბედ თეოლოგიასთან (კერძოდ, მაგალითად, მაქსიმე აღმსარებლის თეოლოგიასთან), ისე მის აქტუალურ ლიტურგიკულ-სპირიტუალურ აქტუალობასთან კავშირის გაანალიზებითაა წარმოდგენილი.

ნაშრომი იყენებს ჰერმენევტიკულ ჩარჩოს, რათა ტრადიციული მართლმადიდებლური დოგმატიკის შინაარსი, კერძოდ, ღვთაებრივ ცოდნასთან თანამოზიარეობისა და ღვთის ჭვრეტის შესახებ, კიდევ უფრო გასაგები გახადოს ფართო ფილოსოფიური და თეოლოგიური საზოგადოებისათვის. შესავალ და დასკვნით ნაწილში მკითხველი გაეცნობა ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომლებიც ცხადყოფს ცალკეულ მორწმუნეთა შეხედულებებს ღვთის ჭვრეტისა და სულიერი ცხოვრების შესახებ. ინტერვიუები ჩაიწერა კონრად-ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევისას 2022 წელს თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სამრევლოში.

ნაშრომი უახლოეს თვეებში გამოქვეყნდება გერმანულ ენაზე.

error: Content is protected !!
Scroll to Top