მილოცვა გურამ ლურსმანაშვილს სადოქტორო დისერტაციის წარმატებით დაცვისთვის

გურამ ლურსმანაშვილმა, ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტზე, პროფესორ თომას მარკ ნემეთის ხელმძღვანელობით, დაიცვა დისერტაცია თემაზე - "სტალინი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია: რეპრესიები, ადაპტაცია და თანაცხოვრება" (Stalin and the Orthodox Church of Georgia: Repressions, Adaptation, and Coexistence within the Soviet System). როგორც ნაშრომმა, ასევე ნაშრომის დაცვამ, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა (sehr gut).

ნაშრომი ოთხ ძირითად თავად იყოფა, რომელშიც ქრონოლოგიურადაა განხილული სტალინის ბავშვობის პერიოდი და მისი თანმხლები რელიგიური ფაქტორები; ადრეული საბჭოთა წლების საეკლესიო რეპრესიები და მათზე სტალინის გავლენა; მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სტალინის მიერ შეცვლილი რელიგიური პოლიტიკა, ხოლო მეოთხე თავი კი მიმოიხილავს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სტალინის სიკვდილამდე არსებული საქართველოს ეკლესიის თავისებურებს. ძირითად ოთხ თავს, დასკვნით ნაწილში თან ერთვის თანამედროვე საეკლესიო პროცესებზე სტალინის გავლენასა და მისი ასახვის ფორმის შესახებ მსჯელობა.

ნაშრომი ეკლესიის ისტორიის მეთოდოლოგიის მიხედვით იკვლევს სტალინის მმართველობისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობას და საარქივო მასალებზე დაყრდნობით აანალიზებს იმ განსხვავებებსა და თავისებურებებს, რაც მას სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან მიმართებით ჰქონდა. კვლევა წიგნის ფორმით გამოქვეყნდება ინგლისურ ენაზე.

error: Content is protected !!
Scroll to Top