შოთა კინწურაშვილის სადოქტორო დისერტაცია გერმანიაში წიგნად გამოიცა

გერმანიაში აკადემიურ გამომცემლობა lit-Verlagში გამოიცა თეოლოგიის დოქტორ შოთა კინწურაშვილის სადოქტორო დისერტაცია სახელწოდებით „მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის ძიებაში საქართველოს მაგალითზე - თეოლოგიური და სოციოლოგიური ანალიზი“. ნაშრომი ქრისტიანული სოციალურ-ეთიკური პერსპექტივიდან აანალიზებს დამოუკიდებელი საქართველოს წინაშე არსებულ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ გამოწვევებს და იკვლევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს მათ გააზრებასა და დაძლევაში.

კვლევის კონტექსტს წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული კონფლიქტები, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ოკუპაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა, სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა, შრომითი მიგრაცია, ეკონომიკური დამოკიდებულება და ჭარბვალიანობა, ასევე ახალგაზრდებში სხვადასხვა სახის დამოკიდებულებების, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებებსა, ალკოჰოლზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ზრდა და სუიციდის პრობლემა.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რამდენად აღიქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნულ გამოწვევებს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის სფეროდ და როგორია მისი სამოძღვრო და სოციალურ-ეთიკური პასუხი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკლესიის ხედვას მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტებისა და ოკუპაციის შედეგების დაძლევის, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის, სოციალური უთანასწორობისა და ახალგაზრდების პრობლემების მიმართ.

ნაშრომი ასევე იკვლევს, რამდენად შეესაბამება ეკლესიის საჯარო და წინასწარმეტყველური ხმა საზოგადოების რეალურ საჭიროებებს და როგორ შეიძლება მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ტრადიციის საფუძველზე აღნიშნული პრობლემების ეთიკური შეფასება გადაიზარდოს პრაქტიკულ სოციალურ მოქმედებაში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიაკონიას, როგორც ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი მსახურების პრაქტიკულ გამოხატულებას.

კვლევის მიზანია, საქართველოს მაგალითზე წარმოაჩინოს მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის განვითარების შესაძლებლობები და განსაზღვროს ეკლესიის ინსტიტუციური დიაკონიური საქმიანობის გაძლიერების მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ.

წიგნი აერთიანებს მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის, საჯარო თეოლოგიისა და დიაკონიის პერსპექტივებს და მათ განიხილავს საქართველოს თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის კონტექსტში. სადისერტაციო ნაშრომი სახელწიდებით „მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის ძიებაში საქართველოს მაგალითზე -თეოლოგიური და სოციოლოგიური ანალიზი“ წარდგენილ იქნა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (Ludwig-Maximilians-Universität München) თეოლოგიურ ფაკულტეტზე, ქრისტიანული სოციალური ეთიკის მიმართულებით. ნაშრომის დაცვა წარმატებით გაიმართა 2026 წლის 3 მარტს, ხოლო სადისერტაციო ნაშრომმა მიიღო მაღალი შეფასება — magna cum laude. აღსანიშნავია, რომ გერმანულენოვან აკადემიურ სივრცეში დოქტორანტი სადოქტორო დისერტაციის დასრულების შემდეგ ვალდებულია, საკუთარი ნაშრომი აკადემიური გამომცემლობის მეშვეობით წიგნად ან ელექტრონული გამოცემის სახით გამოაქვეყნოს, რათა კვლევის შედეგად მიღებული ცოდნა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

აღნიშნული წიგნი ხელმისაწვდომიაგამომცემლობის ვებ-გვერდზე: LIT Verlag.

error: Content is protected !!
Scroll to Top