
„ქართველი თეოლოგები საზღვარგარეთ“ ულოცავს შოთა კინწურაშვილს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის (LMU München) თეოლოგიის ფაკულტეტზე ქრისტიანული სოციალური ეთიკის მიმართულებით სადოქტორო დისერტაციის წარმატებით დაცვას და უმაღლესი შეფასების Magna cum laude მიღებას.
დისერტაციის თემაა: „მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის ძიებაში საქართველოს მაგალითზე: შედარებითი თეოლოგიური და სოციოლოგიური ანალიზი“ (Auf der Suche nach einer orthodoxen Sozialethik am Beispiel Georgiens: Eine vergleichende theologische und soziologische Analyse).
ნაშრომი საზოგადოებრივი თეოლოგიის (Öffentliche Theologie) პერსპექტივიდან იკვლევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალურ-ეთიკურ რეაქციებს ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე, როგორებიცაა ომი, სოციალური უსამართლობა, სიღარიბე, მიგრაცია, ნარკოდამოკიდებულება და სხვა ადიქციური პრობლემები, დემოგრაფიული ცვლილებები, უმუშევრობა, ოჯახისა და ახალგაზრდობის წინაშე არსებული სირთულეები, აგრეთვე თანამედროვე საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პროცესები.
კვლევის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკლესიის სოციალურ სწავლებას, საზოგადოებრივ პოზიციებსა და პრაქტიკულ საქველმოქმედო-დიაკონიურ საქმიანობას. ნაშრომი აანალიზებს, თუ როგორ პასუხობს ეკლესია თანამედროვე საზოგადოების გამოწვევებს და რა როლი შეიძლება შეასრულოს სოციალური სამართლიანობის, სოლიდარობის, ადამიანის ღირსებისა და საერთო კეთილდღეობის განმტკიცებაში.
ამასთანავე, დისერტაცია იკვლევს საქართველოს კონტექსტში დამოუკიდებელი და სისტემური მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობებს, ასევე ეკლესიის სოციალური და დიაკონიური საქმიანობის განვითარების პერსპექტივებს საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის პირობებში.
მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის რეკომენდაციით, დისერტაცია გამოქვეყნდება გერმანულ ენაზე, ხოლო შემდგომ ქართულ და ინგლისურ ენებზეც, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას, გაეცნოს კვლევის შედეგებს.
ვულოცავთ შოთა კინწურაშვილს ამ მნიშვნელოვან აკადემიურ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას შემდგომ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში.
