ქართველ თეოლოგთა კავშირი უცხოეთში აერთიანებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველ თეოლოგებსა და სტუდენტებს, რომლებიც მოღვაწეობენ, ასწავლიან ან სწავლობენ საზღვარგარეთის საღვთისმეტყველო ფაკულტეტებზე, უნივერსიტეტებსა თუ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუტებში.
2016 წელს გაჩნდა იდეა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ თეოლოგიის დარგში მოღვაწე ყველა ქართველის გაერთიანებას, მათი აკადემიური ხარისხის მიუხედავად. ამ ინიციატივამ საფუძველი ჩაუყარა ქართველი თეოლოგებისა და სტუდენტების ყოველწლიურ შეკრებებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2018 წლიდან დღემდე სულ ექვსი ასეთი შეხვედრა მოეწყო.
პირველი შეხვედრა 2018 წელს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა და მას გარკვეულწილად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო გამოცდილების გაზიარებამ საფუძველი ჩაუყარა შემდგომ თანამშრომლობას.
საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი თეოლოგებისა და თეოლოგიის სტუდენტების ყოველწლიური შეხვედრები წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური საქმიანობის სტიმულირებას, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, საღვთისმეტყველო-საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებასა, საღვთისმეტყველო დისკუსიისა და დიალოგის ხელშეწყობას.
ქართველ თეოლოგთა კავშირი უცხოეთში არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. იგი ხელს უწყობს ქართული სამეცნიერო ღვთისმეტყველების პოპულარიზაციას ევროპულ და დასავლურ სამეცნიერო წრეებში. მისი ფუნქციონირების უმთავრესი პოსტულატია ქრისტიანული საეკლესიო ღვთისმეტყველების განვითარება, რწმენის გააწმყოება და ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის წარმოჩენა.
