თეოლოგიის დოქტორანტის მიხეილ ნებიერიძის მოხსენება საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების რიგით მეექვსე შეხვედრის ფარგლებში

თეოლოგიის დოქტორანტმა მიხეილ ნებიერიძემ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების რიგით მეექვსე შეხვედრის ფარგლებში,ქალაქ აიხშტეტში, წაიკითხა მოხსენება თემაზე: „სახელმწიფოებრივი წესრიგის თეოლოგიური გააზრება: უილიამ კავანა და ეკლესიოლოგიური გამოწვევები თანამედროვეობაში."

მოხსენება შეეხებოდა ამერიკელი თეოლოგის William T. Cavanaugh-ს პოლიტიკური თეოლოგიის ანალიზს. განხილული იქნა კავანას ცენტრალური თეზა, რომ ეგრეთ წოდებული „რელიგიური ომების" ეპოქის შემდგომ „წმინდასთან" დაკავშირებულმა ავტორიტეტმა, ლოიალობა-ერთგულებამ და ტრანსცენდენტურმა ლეგიტიმაციამ ეკლესიიდან სეკულარული სახელმწიფოს სივრცეში გადაინაცვლა და ის არსად გამქრალა. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კავანას მიგნებას, რომ თანამედროვე სახელმწიფო, ერთი შეხედვით ნეიტრალური ინსტიტუტი, ფაქტობრივად ახორციელებს კვაზი-თეოლოგიურ ფუნქციებს — მოქალაქეთა საბოლოო ლოიალობასა და ერთგულებაზე პრეტენზიით, სოციალური ერთობის ფორმირებით და სიმბოლური სისტემების მოხმობით.

მოხსენებაში ასევე განხილულ იქნა კავანას მნიშვნელოვანი დაკვირვება, რომ სახელმწიფო ინდივიდუალური ადამიანის სხეულებზე მოქმედებით, მათ შორის, უკიდურეს შემთხვევაში, წამებით არაადამიანური მოპყრობით, სოციალური ქსოვილის სისტემურ განადგურებას ახდენს. ადამიანის უფლებების ენა ამ გაგებით არასაკმარისია: სახელმწიფოს პირველადი სამიზნე ინდივიდი კი არ არის, არამედ სოციალური სხეული და ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული (Corpus Christi), სწორედ ის ალტერნატიული სოციალური სხეულია, რომელიც ამ ლოგიკას ეწინააღმდეგება.

ამ ფონზე მოხსენებაში დასმული იქნა კითხვა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ეკლესია, როდესაც სახელმწიფო ითვისებს ტრადიციულად ეკლესიისთვის განკუთვნილ ფუნქციებს და რა პასუხი შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას ასეთ სინამდვილეში: ასიმილაციის თუ ევქარისტიული, საკრამენტული განსხვავებულობის გზა.


მიხეილ ნებიერიძე – 2015 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 2016–2021 წლებში სწავლობდა გერმანიაში, აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა თეოლოგიის ლიცენციანტის ხარისხი სისტემურ თეოლოგიაში თემაზე: ადამიანის უფლებები მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიასა და პრაკტიკაში (Summa cum laude). 2023 წლიდან მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტში, პოლიტიკური თეოლოგიის მიმართულებით და ამავე უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე იკავებს დამხმარე მკვლევარის პოზიციას. მისი სადისერტაციო ნაშრომის თემაა: „იზოლაციის პოლიტიკური თეოლოგია: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგიურ-პოლიტიკური ძირეული მიმართულების ტრანსფორმაცია სახელმწიფოსთან ცვალებადი ურთიერთობის კვალდაკვალ.“

error: Content is protected !!
Scroll to Top