ნინო საძაგლიშვილის მოხსენება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე (2026)

ამა წლის 24 აპრილს თეოლოგიის დოქტორანტმა ნინო საძაგლიშვილმა გერმანიის ქალაქ აიხშტეტში, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების მეექვსე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე, ინგლისურ ენაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: The Historical Self-Perception of the Church of Georgia and the Church as a Source of National Inspiration.“

მოხსენება შეეხებოდა ეროვნული იდეის იდენტობად ქცევის ტრანსფორმაციულ პროცესს, საქართველოს ეკლესიის ისტორიულ თვითშეგნებასა და მის როლს ეროვნული იდენტობის ფორმირებაში. ავტორი ისტორიული მაგალითებით აჩვენებს, რომ ქართული ეკლესიის თვითშეგრძნება არ შემოიფარგლება მხოლოდ რელიგიური ინსტიტუციის ფუნქციით, არამედ ისტორიულად ჩამოყალიბდა როგორც ეროვნული მეხსიერების მატარებელი და კულტურული გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.

მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თეზისია, რომ ეკლესიისა და ეროვნული იდენტობის მჭიდრო კავშირი, რომელიც ისტორიულად გადარჩენის ინსტრუმენტად ფუნქციონირებდა, თანამედროვე პირობებში, სათანადო ფილტრის გარეშე, შეიცავს რისკს ეკლესიის თეოლოგიური თვითგაგების ჩანაცვლებისა ეროვნული ნარატივით. ამ კონტექსტში განხილულია ეთნოფილეტიზმის საფრთხე და თითოეული ადგილობრივი ეკლესიის წინაშე არსებული ამოცანა, შეინარჩუნოს ბალანსი სარწმუნოებასა და ეროვნულ იდენტობას შორის.

მოხსენება ასევე ეხება ჰაგიოგრაფიული ნარატივის, როგორც „პერსონალიზებული თეოლოგიის“, პიროვნებათა ცხოვრებაში გაცხადებული თეოლოგიის მნიშვნელობას, ისტორიული სირთულეების გამო, სისტემატიზირებული დოგმატურ-პატრისტიკული საღვთისმეტყველო მუშაობის პრობლემებისა და ძირითადად თარგმანებზე ორიენტირების პირობებში.

მომხსენებელმა ყურადღება დაუთმო ქალთა სიმბოლური ცენტრალობისა და ინსტიტუციური პერიფერიულობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ ეკლესიის ისტორიულ ნარატივში ქალთა ნაკლები ხილვადობა არ ნიშნავს მათ ნაკლებ როლს. ხშირად, მათი ფუნქცია სიმბოლურ-სოტირიოლოგიური სივრცეში გადადის და სწორედ ამ დონეზე ხდება მათი გავლება ეროვნული ცნობიერების ფორმირებაზე.

ნინო საძაგლიშვილი - ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი სისტემური თეოლოგიისა და ეთიკის მიმართულებით. მაგისტრატურის დამატებითი საფეხური გაიარა ეკუმენურ და პროტესტანტულ თეოლოგიაში ჟენევის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბოსეს ეკუმენური ისნტიტუტის პროგრამის ფარგლებში. ამჟამად გახლავთ ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი კვლევის სფერო მოიცავს ეკლესიისა და თანამედროვე საზოგადოების დიალოგს, თეოლოგიურ ანთროპოლოგიასა (მათ შორის მენტალური ჯანმრთელობის თემატიკას) და დოგმატიკას. მისი საავტორო წიგნი „დაშლილი კალეიდოსკოპი“ ლიტერატურულ და თეოლოგიურ რეფლექსიებს აერთიანებს. ბოლო თარგმანებიდან აღსანიშნავია ავსტრალიის არქიეპისკოპოს მაკარიოს გრინიეზაკისის ნაშრომი „მსოფლიო საპატრიარქო: ეკლესია პირველხმობილი და ფრიადლმობილი.“ ნინო ამჟამად გახლავთ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მხარდაჭერით მიმდინარე ონლაინ საღვთისმეტყველო პროგრამების საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, მომხსენებელი და თანამოდერატორი.

error: Content is protected !!
Scroll to Top